კიდევ ერთი რეზონანსული საქმე – „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
ვლადიმერ სტეფანიანს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან. დავის საგანია ბაკურიანში აშენებული სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები. გამოძიება ამტკიცებს, რომ სამშენებლო სამუშაოებით დაბის განაშენიანების გენერალური გეგმა და მშენებლობის სანებართვო პირობები ირღვეოდა. თუ საგამოძიებო მასალებს დავეყრდნობით, ბრალდებულის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ რამდენიმე მილიონი ლარის შემოსავალი უკანონოდ მიიღო. გამოძიებას კითხვები ბიზნესმენის კომპანიის მიერ განხორციელებული სხვა პროექტების მიმართაც აქვს.