„კოვიდ-19“ - ვითარება აჭარაში 

აჭარაში „კოვიდ-19“-ის შიდა გავრცელებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. შესაბამისად, გართულებულია ეპიდემიოლოგიური კონტროლი, რაც ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა პირველწყაროს დადგენა ხშირ შემთხვევაში ვეღარ ხერხდება. ვირუსმა შეაღწია სხვადასხვა უწყებასა და თუ მომსახურეობის სფეროში. დღეს გამოვლენილ ინფიცირებულებს შორის სამი აჭარის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელია, პირველი ფაქტი დაფიქსირდა აჭარის მაღალმთიან სოფელში, რის გამოც რეგიონის მაღალმთიანეთში, ბათუმი-ქობულეთის მსგავსად, სწავლის დაწყება კლასებში პირველ ოქტომბრამდე გადადეს. ახლა ეპიდემიოლოგების მთავარი საზრუნავი ინფიცირებულთა კონტაქტების დროული გამოვლენა-იზოლირებაა, რათა რისკ-ჯგუფების და ახალი კერების ლოკალიზება სწრაფად მოხდეს. ტურისტული სეზონის დასრულების და მობილობის შემცირების ფონზე ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ სიტუაცია რეგიონში უნდა დასტაბილურდეს.