კოვიდ 19-ის შიდა გავრცელების შემთხვევა ბათუმში

ბათუმში  კოვიდ 19-ის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ინფიცირების პირველწყარო უცნობია.  გვიან ღამით, კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა, რომლის ინფიცირების წყარო და კონტაქტები უცნობია.

მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ინფიცირებული ცხელების ცენტრამდე,  სხვა კლინიკაში,  კორონავირუსისთვის არადამხასიათებელი ჩივილით  მივიდა.  როგორც კლინიკაში განაცხადეს, შემოყვანისას პაციენტს არ ჰქონდა ცხელება, თუმცა მალევე ივარაუდეს, რომ მას შესაძლოა კორინავირუსი ჰქონოდა. ამის გამო, 10-მდე მედპერსონალი  კარანტინშია გადაყვანილი. თვითიზოლაციაში გადავიდა ბათუმში სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფიც, ჯამში ექვსი ადამიანი. მათ ასევე კონტაქტი ჰქონდათ დაინფიცირებულთან.  როგორც ცნობილია, ინფიცირებული ქალი  ასევე იმყოფებოდა ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში. მიმდინარეობს ამ კონტაქტების გამოკვლევაც. ინფიცირებულს ამ დროისთვის ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.  შესაძლოა, დღეს კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს ბათუმის კლინიკა „მედალფა“. განმეორებითი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი აჭარაში მეხუთე იქნება,  რომელიც კლინიკას გამოჯანმრთელებული დატოვებს.

კლინიკაში ამჟამად 10 ინფიცირებულია. ერთი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ რთულია და მართვით სუნთქვაზე რჩება. სხვა პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია.