საქართველოში კოვიდ-პანდემიის მეექვსე ტალღა იწყება.
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, პანდემიის ამ ფაზაში „ომიკრონი“ „დელტას“ მთლიანად ჩაანაცვლებს და დომინანტი გახდება. ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული შტამის შიდა გადადების უკვე არაერთი შემთხვევაა. ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 335 ფაქტია დადასტურებული, თუმცა ოფიციალური მონაცემები რეალურს სამ-ოთხჯერ ჩამორჩება. საბედნიეროდ, მათგან ჰოსპიტალიზაცია თანმხლები დაავადებების გამო მხოლოდ რამდენიმეს დასჭირდა. დამაიმედებელია უახლესი კვლევები, რომლებიც ახალი ვარიანტის ნაკლებ აგრესიულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „კოვიდ-19“-თან ერთად ქვეყანაში სეზონური გრიპიც აქტიურად ცირკულირებს. პიკს ეპიდემიოლოგები იანვრის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.