გაშიფრულია კიდევ ერთი კორუფციული სქემა ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობით. ძებნილად ცხადდება საქართველოს რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი.
დავით ფერაძეს, რომელიც რკინიგზას 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა, ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. საქმეში ფიგურირებენ უწყების სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ასევე კერძო საწარმოების მფლობელები. დააკავეს ექვსი პირი, ორზე ძებნა გამოცხადდა. სუს-ის მასალების მიხედვით, საქმე ეხება რკინიგზის კუთვნილი ქონების უკანონოდ დაუფლებას, კერძოდ, საუბარია ჯამში 22 000-ს ტონაზე მეტი შავი ლითონის უკანონოდ შეგროვებასა და რეალიზაციაზე. გამოძიების მიხედვით, სქემაში ჩართული საწარმოები უკანონოდ მითვისებული ლითონის ლეგალურ წარმომავლობას უზრუნველყოფდნენ. თაღლითობა, ყალბი დოკუმენტების დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – 2019 წელს შემუშავებული დანაშაულებრივი სქემა რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. გამოძიების საგანია რკინიგზის ლიანდაგის აღსადგენად 2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც. ირკვევა, რომ დაკავებულ პირთა ნაწილი სხვადასხვა დროს უკვე დაკითხულია. მათ შორის ერთ-ერთი 2021 წელს გამოჰკითხეს, რაც ნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება წლებია, მიმდინარეობს.