კორუფციული სქემა საქართველოს რკინიგზაში 

კორუფციული საქმე ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობით: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს. დავით ფერაძესთან ერთად პატიმრობა შეეფარდა საქმის კიდევ შვიდ ფიგურანტს, რომელთა შორის რკინიგზის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები და კერძო საწარმოების მფლობელები არიან. რვა ფიგურანტიდან დაკავებულია ექვსი, ორ პირზე, მათ შორის ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. რვიდან ბრალს მხოლოდ ერთი, რევაზ რევაზიშვილი აღიარებს, რომელიც ერთ-ერთი შპს-ს მფლობელია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ  9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდების მხარე საუბრობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაზე. საუბარია ორ ეპიზოდზე. პირველი ეპიზოდი ორგანიზებული ჯგუფის მიერ რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის უკანონოდ შეგროვება-რეალიზაციას ეხება. გამოძიება ამბობს, რომ უკანონოდ მიითვისეს 22 000 ტონაზე მეტი შავი ლითონი, რის შედეგად რკინიგზას 17 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. მეორე ეპიზოდი კი რკინიგზის ლიანდაგის აღსადგენად გაფორმებულ ხელშეკრულებას და მონაცემების გაყალბებას ეხება, რომლითაც, გამოძიების ცნობით,  რკინიგზა ასევე დაზარალდა.