უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, მთავრობის ძირითადი წარმომადგენლები ანდრეი ერმაკის გათავისუფლებას ურჩევენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში, ზელენსკიმ შეხვედრები გამართა მთავრობის გუნდის ძირითად ფიგურებთან, რათა ეპოვა გამოსავალი, რომელიც ენერგეტიკის სექტორში კორუფციის შესახებ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სიტუაციას დაასტაბილურებდა. როგორც „უკრაინსკაია პრავდასთან“ ანონიმურმა წყარომ განაცხადა, პრეზიდენტის მიერ გამოკითხულთა უმეტესობამ, კრიზისიდან გამოსვლის სხვადასხვა გზა შესთავაზა, თუმცა თითქმის ყველამ ურჩია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის შეცვლა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. კორუფციული სკანდალის ფონზე, თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციის და ენერგეტიკის მინისტრებმა, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ.