კორუფციული სკანდალი ევროკავშირში

ევროკომისიის მაღალჩინოსანმა, სტეფანო სანინომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ევრაქტივი“ წერს. გამოცემის ცნობით, სანინომ განაცხადა, რომ ტოვებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის რეგიონის გენერალური დირექტორის თანამდებობას, ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების მიმდინარე გამოძიებაში მისი მონაწილეობის გამო. როგორც „ევრაქტივი“ წერს, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში, სანინომ დაადასტურა, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გენერალურ მდივნად მუშაობის დროს განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით დაკითხეს. სანინოს თქმით, „დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაირკვევა“, თუმცა აღარ მიიჩნევს მიზანშეწონილად თანამდებობის დაკავებას და დეკემბრის ბოლოს პენსიაზე გავა. შეგახსენებთ, რომ ბელგიის პოლიციამ 2 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების შენობაში და ასევე, ბრიუგეში მდებარე „ევროპის კოლეჯში“ ჩხრეკა ჩაატარა. საქმე ეხება ტენდერების გარშემო თაღლითობის გამოძიებას. 3 დეკემბერს ამ საქმეზე, ევროკავშირის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს, რის შემდეგაც მან პოლიცია დატოვა. გამოძიებას მიაჩნია, რომ მოგერინის გაქცევის საფრთხე არ არსებობს.