კორტების სპეცოპერაციის საქმე - რატომ არ დააკმაყოფილა უზენაესმა სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები

რატომ არ დააკმაყოფილა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები.  სასამართლო 23 იანვრის გადაწყვეტილებაზე  განჩინებას აქვეყნებს. ამ საკასაციო საჩივრებით, პროკურორები კორტების   საქმეზე გასამართლებულებისთვის ბრალის დამძიმებას, დაცვის მხარე კი 2017 წლის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვდა. თუმცა, ორივე შემთხვევაში სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს საჩივრები დაუშვებლად იქნეს ცნობილი და ძალაში დარჩეს წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რადგან უზენაესის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ის საფუძვლები, რომლითაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს.

2015 წელს თბილისის საქალაქოს, ხოლო შემდეგ 2017 წელს, სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვებული განაჩენის მიხედვით, კორტების სპეცოპერაციის გამო, დამნაშავედ 5 ყოფილი ძალოვანი გამოცხადდა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში დაედო ბრალი და 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მტკიცებულებათა ფალსიფიცირების ბრალში გამართლდა.

12 წელი მიუსაჯეს და განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს ამავე დეპარტამენტის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, სპეცოპერაციისას ახალგაზრდების მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელა. ასევე, გამტყუნდნენ ამ საქმეზე ყოფილი ძალოვანები კახა ნაკანი, ლევან ბეროძე და გრიგოლ კვინიკაძე.