კორონავირუსის მეხუთე ტალღა დაიწყო 

ქვეყანა მორიგი ეპიდ-აფეთქების საფრთხის წინაშე – აცრილთა საკმაოდ დაბალი რაოდენობის და რეგულაციების ყოველდღიური დარღვევის გამო ეპიდემიოლოგები მძიმე მეხუთე ტალღას ელოდებიან.

დღიურად 4 000-დან 5 000-მდე ახალი შემთხვევის ფონზე ექიმები ცალკეული შეზღუდვების ამოქმედებას ითხოვენ. ფაქტია, რომ ჯერ ვაქცინაციის მარათონსაც არ აქვს შედეგი – კარდაკარ სიარულის და ვაქცინების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, რეგიონებში აცრის მაჩვენებლები მაინც საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა. საკოორდინაციო საბჭოში დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე წარდგენილი აქვს მოთხოვნა რამდენიმე ხისტი გადაწყვეტილების მიღებაზე და რეგულაციის დაწესებაზე – მათ შორისაა ე.წ. მწვანე საშვის სისტემის დანერგვა. თუმცა უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა და როდის მთავრობა ამ რეკომენდაციებს. „კოვიდ-19“-ის „დელტა“ შტამი სწრაფი ტემპებით ვრცელდება, სახელმწიფო კი მის შეჩერებას მხოლოდ ვაქცინაციისკენ მოწოდებებით ცდილობს – ამ მომენტისთვის ქვეყანაში 2 მილიონამდე ვაქცინა ასათვისებელია.