კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 200-იან ნიშნულს ასცდა.

ბოლო დღეების მცირედი კლების ფონზე, დღეს ისევ მატებაა, დაინფიცირდა 218 ადამიანი. ეპიდაფეთქების კერა ჩნდება თბილისში. სოფელ დიღომში კლასელების შეკრებამ ახალი, საკმაოდ მოცულობითი კლასტერი შექმნა. თბილისის დღევანდელი 47 შემთხვევიდან დიდი ნაწილი სწორედ დიღმის კლასტერს უკავშირდება. ეპიდკონტროლი მკაცრდება დედაქალაქშიც. ვირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბის დასადგენად დღეს და ხვალ „პისიარ“-ტესტის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ქვეყანა ჯერ მწვანე ზონაშია, თუმცა ყვითელ ზონასთან მცირე ზღვარი აშორებს. ინფიცირებულთა ზრდის ტენდენცია გრძელდება აჭარაშიც, სადაც ვირუსის შიდა გავრცელების ტემპი სულ უფრო იმატებს.

ინფიცირებულთა რაოდენობის მორიგ ანტირეკორდთან ერთად, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ დღეს დაფიქსირდა. კორონავირუსმა ბოლო 24 საათში სამი პაციენტი იმსხვერპლა. გაუარესებული სტატისტიკის ფონზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ისევ მართვადია და ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. კიდევ ერთხელ აქტიურდება რეკომენდაციების შესრულების თემაც. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღება ახლა აჭარაზეა გადატანილი, სადაც გუშინდელი კლების შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა

დღეს ისევ გაიზარდა.