კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევები 

კორონავირუსის არეალი უკვე საათობრივად ფართოვდება.

საქართველოს მასშტაბით მობილიზებული 2 400 საწოლიდან ამ მომენტისთვის ნახევარი უკვე დაკავებულია. შაბათს დაწყებული ნახტომისებური მატების ტენდენცია გრძელდება – დილის მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა 170 ახალი შემთხვევა გამოავლინა. ეპიცენტრი ისევ აჭარაა, სადაც ვირუსულმა ინფექციამ ხანდაზმულთა პანსიონატშიც შეაღწია. 14-ით გაიზარდა ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერიც. მარტო წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა სამჯერ გაზრდილი რაოდენობის ფონზე ხდება დამატებითი კლინიკების მობილიზება და იგეგმება ვირუსული ინფექციის მართვის ახალი მიდგომის დანერგვა. ერთ-ერთ სათადარიგო გეგმად მსუბუქი პაციენტების ბინებში მკურნალობის პროტოკოლის გააქტიურება განიხილება.

ინფიცირებულთა რაოდენობის საყურადღებო მატებასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება ტესტირებულთა  მაჩვენებელიც. „კოვიდ-19“-ზე დღეში 10-დან 11 ათასამდე გამოკვლევა ტარდება. ინტენსიურად გრძელდება კონტაქტების მოძიებაც. გაუარესებული ეპიდსიტუაციის ფონზე ვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებენ სპეციალისტები და მთავარ აქცენტს  სეზონურ გრიპებზე აკეთებენ. გაუძლებს თუ არა ჰოსპიტალური სექტორი მოსალოდნელ დატვირთვას და რაც მთავარია, შეასრულებს თუ არა მოსახლეობა იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ვირუსის შესაკავებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.