კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ სამ მილოონ 500 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. გარდაცვლილთა რიცხვი 247 ათასს აღემატება. გამოჯანმრთელებულია 1,1 მილიონზე მეტი ადამიანი. პანდემიის ეპიცენტრი ისევ ამერიკაა.

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 1313 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდგინეს 25502 ადამიანს. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. შტატებში სულ კორონავრიუსით გარდაცვლილია 67 ათასზე მეტი ადამიანი, გამოვლენილია ინფიცირების ერთი მილიონ 158 ათასი შემთხვევა.

ესპანეთში მცირე ბიზნესებმა: მაღაზიებმა, სალონებმა და რესტორნების ნაწილმა მუშაობა აღადგინეს. ავტობუსის, მატარებლის, ასევე საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტი გამოყენებისას სახის დამცავი ნიღბის ტარება აუცილებელია. პირველ ეტაპზე, შეზღუდვების ნაწილი ესპანეთის ოთხ კუნძულზე შემსუბუქდება. ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით 164 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ესპანეთში „კოვიდ 19“-ს  25 428 ადამიანი შეეწირა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული რვა-კვირიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ, პირველად, იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. 4 მაისიდან ქვეყანაში დასაშვები იქნება ნათესავის მოსანახულებლად გასვლა. შეზღუდვები გამარტივდა, ძირითადად, საწარმოებისა და მშენებლობებისთვის.  სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები სავარაუდოდ პირველი ივნისიდან გაიხსნება, მაღაზიების ძირითადი ნაწილი  18 მაისიდან განაახლებს მუშაობს. იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებული 174 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 10 მარტის შემდეგ გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საფრანგეთი კი კარანტინის ფარგლებში დაწესებული ზომების შემსუბუქებას 11 მაისიდან დაიწყებს. საფრანგეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 135 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 315 ადამიანი გარდაიცვალა. მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი,  ქვეყანაში დაწესებული შემზღუდავი ზომების შემსუბუქების ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს.

4 მაისიდან შეზღუდვებს ნაწილობრივ აუქმებენ ასევე ბელგიაში, კვიპროსში,საბერძნეთში, ხორვატიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

პირველად 11 მარტის შემდეგ, თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ამჟამად კლინიკებში მყოფი ინფიცირებულების რაოდენობას გადააჭარბა. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში გამოვლენილია ინფიცირების სულ 126 ათასზე მეტი შემთხვევა.

აზერბაიჯანში, 4 მაისიდან, კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. ერთი დღის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა, პანდემიის დაწყებიდან სულ გარდაცვლილია 25 ადამიანი, ამჟამად საავადმყოფოებში 466 პაციენტი რჩება.

დღეიდან მაღაზიები, რესტორნები და კაფეები გაიხსნება სომხეთში. სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირება კი 121 პირს დაუდასტურდა.

რუსეთში ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით დაინფიცირების 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ვირუსი დადასტურებული აქვს 145 268 ადამიანს. მოსკოვში დაინფიცირების მაჩვენებელმა 74 000-ს გადააჭარბა. მსხვერპლის საერთო რაოდენობა კი 1 356-მდე გაიზარდა.