კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები

პანდემიის დაწყებიდან პირველად, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 20 პროცენტს გადააჭარბა. ეს ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსი გავრცელების ახალ ფაზაშია და „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევებიც სულ უფრო მატულობს. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 9 700-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი. გასულ დღეს დაფიქსირებული 11 ათასზე მეტი შემთხვევის შემდეგ, ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, თუმცა, უქმე დღის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება არ შეცვლილა და ისევ საგანგაშოა. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან თბილისში 5 646 ინფიცირებული აღრიცხეს, აჭარაში – 1 136, იმერეთში – 1 074, დანარჩენ რეგიონებში შედარებით დაბალი მაჩვენებლებია. ამ ეტაპზე ქვეყანაში 74 600-ზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს, ათასამდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დატოვე კომენტარი