კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში

მსოფლიოს მაშტაბით, კოვიდ 19-ით, ბოლო მონაცემებით 1,362,119 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, სადაც ბოლო მონაცემებით, კოვიდ 19-ის, 368  449 შემთხვევაა გამოვლენილი. მსოფლიოში, ვირუსით 74 ათას 870 ადამიანია გარდაცვლილი.

ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება – 16 523. ვირუსისგან 285 437 ადამიანი განიკურნა.

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 743 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გასულ დღესთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხვი გაზრდილია. ინფიცირებულთა რაოდენობამ ბოლო დღე-ღამეში ესპანეთში 5400-ით მოიმატა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ მოიმატა ბელგიაშიც, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ით 162 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 1380-ით გაიზარდა.

დაავადებულთა რაოდენობამ იმატა გერმანიაშიც, სადაც ბოლო დღე ღამის განმავლობაში 173 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები იზრდება ავსტრიაში, უნგრეთსა და ჩეხეთში. მიუხედავად ამისა ჩეხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 9 აპრილიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილს შეამსუბუქებს. კერძოდ, გაიხსნება სპეციალიზებული და სამშენებლო მასალების მაღაზიები, ხოლო პრაღაში მოქალაქეებს ვარჯიშის მიზნით გარეთ გასვლა შეეძლებათ. შეზღუდვების შემსუბუქებას 15 აპრილიდან აპირებს დანიაც, სადაც მომავალ კვირას ბაღებსა და დაწყებითი სკოლებში სწავლა განახლდება. იტალიაში, დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთში კი კორონავირუსით ინფიცირებულების ახალი მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. განცხადება ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება, თუმცა ჟანგბადით უზრუნველყოფა დასჭირდა. ბორის ჯონსონი მკურნალობის კურსს წმინდა ტომასის სახელობის კლინიკაში გადის. კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს. მანმადე კი ბორის ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში, იზოლირებულ პირობებში გადიოდა. პრემიერის მოვალეობას დროებით სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი ასრულებს.

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათში 1154 ადამიანი დაინფიცირდა, რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 7 497 შემთხვევაა  გამოვლენილი. ამასთან, ბოლო 24 საათში, რუსეთში „კოვიდ-19“-ით 11 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კი  ახალი კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 32 წარმომადგენელს დაუდგინეს. როგორც უკრაინის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ვიქტორ ლიაშკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღრიცხული 143 ინფიცირებულიდან, 32 მედიკოსი და ცხრა ბავშვია.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1 462 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 45 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 28.

სომხეთში  კი თვითიზოლაციის რეჟიმი 400-მა ადამიანმა დატოვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვირუსისგან 62 ადამიანი განიკურნა, რვა კი გარდაიცვალა. სომხეთში ახალი კორონავირუსით სულ 833 ადამიანია ინფიცირებული.

25 იანვრიდან მოყოლებული პირველად ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, კორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა. გასული ორი კვირის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები დღიურად ერთიდან შვიდამდე მერყეობდა. შედეგად, ამ პერიოდში საერთო ჯამში ვირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის 51 უჰანის პროვინციაში, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრი იყო. ოფიციალური მონაცემებით, სულ ჩინეთში „კოვიდ-19“-ის ვირუსს 3 335 ადამიანი ემსხვერპლა,

77 400-მდე კი დაინფიცირდა.