კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

ბოლო ორი დღის მკვეთრი მატების შემდეგ, დღეს, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი შედარებით შემცირდა. დილიდან ამ დრომდე კოვიდ-19-ის 10 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომლებიც თეთრიწყაროს, ბოლნისის ადა ღვანკითის კლასტერებიდან არიან.  გამოჯანმრთელებულია 149 ადამიანი.

დაავადების პირველი ფაქტის დაფიქსირებიდან ორი თვის თავზე, ქვეყანა, როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ, უკვე ეპიდემიის პიკშია. წინასწარი გათვლებით, კრიზისული პერიოდი მაისის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება, რის შემდეგაც, კორონავირუსის გავრცელების დაღმასვლას ვარაუდობენ. ახლა მთავარი ამოცანა და მიზანი, პიკის პერიოდში ინფიცირებულთა ზრდის ზომიერი დინამიკის შენარჩუნებაა. ამიტომ, მთავარი მოწოდება – სახლებში დარჩენა, სოციალური დისტანცირება, კონტაქტების შეზღუდვა და თავყრილობებისგან თავის შეკავება – ძალაში რჩება.