კორონავირუსის გავრცელების არეალი

ახალი ტიპის კორონავირუსს მსოფლიო მასშტაბით 3 594 ადამიანი ემსხვერპლა. უკვე განიკურნა და საავადმყოფოებიდან გაწერეს  59 963 პირი. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, ამ დროისთვის,  კორონავირუსით 106 165 ადამიანია ინფიცირებული.

ჩინეთში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. მაღალი მაჩვენებლებით, მას მოსდევს სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. პირველი შემთხვევები კი გამოვლინდა მოლდოვასა და პარაგვაიში. მოლდოვას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით 48 წლის ქალია ინფიცირებული, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან ჩავიდა. იტალიის ლომბარდიის რეგიონში და 14 პროვინციაში კი 16 მილიონი ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი საჭიროების გარდა, ლომბარდიის რეგიონში შესვლა ან ტერიტორიის დატოვება შეუძლებელი იქნება. შეზღუდვები ასევე შეეხება ვენეციას, პარმასა და მოდენას.