კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც გამოვლინდა 

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს, უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია და იზოლაციაში იმყოფება. მისი განცხადებით, მიმდინარეობს ინფიცირებულის კონტაქტის ბიოლოგიური მასალის კვლევაც. როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ახალი შტამით ინფიცირებული პირი ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს პაციენტს, ეპიდემიოლოგები არ აკონკრეტებენ. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განსხვავებით გადადების უფრო მაღალი ხარისხი აქვს. ამიტომ, როგორც იმნაძე ამბობს, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. როგორც ცნობილია, უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის შემთხვევაშიც ეფექტურია.