კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ქვეყნის მასშტაბით, მცირედი კლების მიუხედავად, აჭარაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა მაღალი ნიშნული ნარჩუნდება.

სულ უფრო ფართოვდება რეგიონის იმ უწყებების ჩამონათვალი, სადაც ვირუსულმა ინფექციამ შეაღწია. რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებას და კლინიკას დღეს ბათუმის სასამართლო, ბათუმის ინფექციური საავადმყოფო და ხელვაჩაურის მერიაც დაემატა. გუშინდელთან შედარებით, დღეს აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა და 126-ს შეადგენს, საქართველოს მასშტაბით კი 17 სექტემბერს 179 ახალი ფაქტია დადასტურებული. მცირედი კლება ეპიდემიოლოგებისთვის დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საფუძველი ჯერ არ არის. მთავარია, დაღმავალი დინამიკა შენარჩუნდეს და ბოლო დღეების ნახტომისებური მატების ტენდენცია შეწყდეს. ცოტა ხნის წინ ვირუსი დადასტურდა თბილისის მერიაშიც.

ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინფექციონისტები იმ პედაგოგებს, ვინც ზაფხულის სეზონზე აჭარაში ისვენებდნენ და ტესტი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, მოუწოდებენ „კოვიდ-19“-ზე გამოკვლევა აუცილებლად ჩაიტარონ. წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ პოლიტიკურ ლიდერებს კი მოსახლეობასთან შეხვედრებისას რეკომენდაციებს და დისტანციის დაცვის აუცილებლობას ახსენებენ. რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესი ეპიდემიოლოგიურად ყველაზე რთული რეგიონიდან, აჭარიდან დაიწყება.