კორონავირუსის 7521 ახალი შემთხვევა საქართველოში

„ომიკრონის“ შტამის გააქტიურების ფონზე, საქართველოში დღიური შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დამყარდა. ბოლო დღე-ღამეში  7 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 31 პაციენტი გარდაიცვალა. „ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, დადასტურებული შემთხვევების 50% ახალი შტამია, თუმცა, ლაბორატორიულად მხოლოდ 1 254 ფაქტია გამოვლენილი. სპეციალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ქვეყანა ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსის წინაშე არ დადგება. გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, კლინიკებზე დატვირთვა ჯერ არ გაზრდილა. პაციენტთა უმრავლესობა ბინაზე მკურნალობს. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში ონლაინ კლინიკების რაოდენობა კიდევ 40-ით გაიზრდება.