კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

ცვლილებები კოვიდ-19-ის მართვის პროტოკოლში.  მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მომდევნო წლის 2 თებერვლამდე, შემზღუდავი ნორმების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ახალ კორონავირუსზე ტესტირების მაჩვენებელი გაორმაგდება. თუ აქამდე დღე- ღამის განმავლობაში საშუალოდ ტარდებოდა 13-14 ათასი პირის ტესტირება, ეს მაჩვენებელი გაიზრდება 20-დან 25 ათასამდე. „პისიარ“ ტესტებთან ერთად, იზრდება ანტიგენზე დამყარებული ე.წ. სწრაფი ტესტების რაოდენობაც. მიზანი კოვიდ-19-ის მქონე უსიმპტომო პაციენტების გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდაა.

კიდევ ერთი ცვლილება ეხება ქვეყანაში შემომსვლელ მოქალაქეებს. პირი, რომელიც საზღვარზე წარადგენს „პისიარ“ ტესტის უარყოფით პასუხს, კარანტინის ნაცვლად გადავა რვადღიან თვითიზოლაციაში. პირი კი, რომელსაც არ ექნება ტესტის პასუხი, გაივლის 12-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას.