როდის მიიღებს და რომელ მწარმოებლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კოვიდვაქცინის მისაღებად – ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც პრემიერმა გახარიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ისაუბრა. კომუნიკაცია ტელეფონით შედგა. ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.
კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა კოვაქსპლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. განხილვის თემა იყო, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება, კლინიკური სასტუმროების როლი და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობა მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში.