კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემები

თბილისის მერია 90-იან წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დედაქალაქში მცხოვრებ 3000-ზე მეტ ოჯახს ეხება. თბილისის მთავრობამ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 16 ჰექტარი მიწა შეარჩია, რომელზეც ინვესტორებმა კორპუსები უნდა ააშენონ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე 800 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. 3000 დაზარალებულიდან რიგითობა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულებით განისაზღვრება და პირველ ეტაზე, ბინებით დაკმაყოფილდებიან ის ოჯახები, რომლებსაც ყველაზე დაბალი ქულა აქვთ.

მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა სისტემურ მიდგომაზე მუშაობს და 3-4 წელიწადში პრობლემა სრულად მოგვარდება.