კონტროლი გრენლანდიაზე - უთანხმოება აშშ-ევროპას შორის 

ტრამპის რეზონანსული პოზიციის საპასუხოდ, – გრენლანდია შტატების შემადგენლობაში მოექცეს, – დანია კუნძულზე სამხედრო წვრთნებს იწყებს. გრენლანდიაზე მცირე სამხედრო კონტინგენტი ნატოს წევრმა არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა. სამხედროების რაოდენობა ჯამში 37- შეადგენს. მათ შორის კუნძულზე 15 ჯარისკაცი გაგზავნა საფრანგეთმა, რომელიც ტერიტორიას ევროპის ნაწილად განიხილავს და დანიას მხარდაჭერას უცხადებს. იმის მიუხედავად, რომ მოკავშირეები გრენლანდიის დაცვას მხოლოდ ნატოს ჩართულობით განიხილავენ და დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ, ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია. თეთრ სახლში პირდაპირ აცხადებენ, რომ კუნძულზე ნატოს სამხედროების ყოფნა შტატების პრეზიდენტს პოზიციას ვერ შეაცვლევინებს. პარალელურად, დანიაში ჩადის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია. ვიზიტის მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების დარწმუნებაა იმაში, რომ დანიასა და გრენლანდიას კონგრესის სრული მხარდაჭერა აქვთ. ვიდრე გაირკვევა, რა ფორმით მოგვარდება ორ ქვეყანას შორის კუნძულის კონტროლთან დაკავშირებული უთანხმოება, დონალდ ტრამპს გრენლანდიიდან დღეს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ შტატების შემადგენლობაში ყოფნის სურვილი არ აქვთ.