კონსულტაციები საწვავზე ფასების შესამცირებლად 

21:08, 30.01.2026

სურსათი, წამლები და ახლა საწვავი – მთავრობა ამჯერად ნავთობპროდუქტების ფასების შესამცირებლად მართავს კონსულტაციებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს. ბუნებრივია, განსაკუთრებული აქცენტი ბენზინის ფასზე კეთდება – მისი საშუალო ღირებულება ამ დროისთვის სამი ლარის ფარგლებშია. არსებობს თუ არა ფასის კლების რესურსი და რამდენად ჯანსაღია ბაზარზე კონკურენცია – სექტორი მთავრობის წინადადებებს ელოდება. აქციზის დღეს მოქმედი გადასახადი ბოლოს ცხრა წლის წინ გაიზარდა, 2017 წელს ამოქმედებულმა გაორმაგებულმა გადასახადმა ნავთობპროდუქტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა. თუმცა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, აქციზის გადასახადი საქართველოში დაბალია, რასაც იმპორტიორი კომპანიებიც აღნიშნავენ. საწვავის ფასზე ძირითადად ეროვნული ვალუტის კურსი და საერთაშორისო ბაზარზე დადგენილი ფასები მოქმედებს. ფაქტია, რომ ლარის კურსი ბოლო პერიოდში შედარებით სტაბილურია – შეხვედრის შემდეგ კომპანიებს კომენტარები არ გაუკეთებიათ. პროცესი ახლა პარლამენტში ინაცვლებს. სწორედ საპარლამენტო კომისიამ უნდა იმუშაოს შესაბამის სექტორებთან ერთად სამი მიმართულებით ფასების შემცირებაზე.

 

მსგავსი