კონსულტაციები პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის

კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში – დღე მესამე.

ოპოზიციური სპექტრი პრეზიდენტთან თათბირობს. პოლიტიკური ლიდერები სალომე ზურაბიშვილთან ახალი არჩევნების მიღწევის გზებს განიხილავენ. მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს. პრეზიდენტის შეთავაზებაა, რომ შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომლის მანდატი ახალი საპარლამენტო არჩევნების მომზადება იქნება. განხილვის თემაა ის წესები და პირობებიც, რომლითაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კენჭისყრის პროცესი უნდა ჩატარდეს – მზადდება დოკუმენტი, სადაც ახალი არჩევნების ჩატარების კონკრეტული მექანიზმები იქნება გაწერილი. ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებაც, რასაც პარლამენტის დათხოვნა სჭირდება. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად სწორედ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს განიხილავს და პრეზიდენტის გადაწყვეტილების, რაც შეიძლება სწრაფად გამოცხადებისკენ მოუწოდებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მზად არიან, 29 დეკემბრის შემდეგ დარჩნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ისინი სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბრის შემდეგაც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად მიიჩნევენ. რაზე შეჯერდა ოპოზიცია და რა შედეგით დასრულდა კონსულტაციების მესამე რაუნდი.