კონსულტაციები პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის

სამდღიანი კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში და აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკური გეგმის გარშემო – მოქმედ პრეზიდენტთან კოორდინაციაში მყოფი ოპოზიცია სამოქმედო სტრატეგიას ათანხმებს.

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, პოლიტიკოსების მონაწილეობით შეიქმნას საბჭო ახალი არჩევნების მოსამზადებლად. თუმცა ოპოზიციურ აქტორებს შორის პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე უთანხმოებაა. ცალკეული პოლიტიკური ლიდერები ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიიჩნევენ და სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვისკენ მოუწოდებენ. ამ წინადადებას მოწინააღმდეგეები ჰყავს. ვადამდელი არჩევნების საკითხს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის კონტექსტში აფასებს გიორგი გახარიას გუნდი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ გუშინდელ შეხვედრას აღარ დასწრებია. პარალელურად ოპოზიციური სპექტრი დოკუმენტს ამზადებს, სადაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში მისი ჩატარების წესები და პირობები იქნება გაწერილი. ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი რაც შეიძლება ხისტი ნაბიჯების და გადაწყვეტილებების მომხრეა. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა კვირას ეწურება, ხელისუფლებას ოთხი დღის წინ მიმართა და 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნების თარიღის გამოცხადებისკენ მოუწოდა.