კონსულტაციები პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის

როგორი იქნება ოპოზიციისა და პრეზიდენტის სამოქმედო სტრატეგია – სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციები ოპოზიციასთან გრძელდება. ორბელიანების სასახლეში შეხვედრის გამართვას ოპოზიციის ნაწილი დღესაც გეგმავს. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ. იმსჯელეს სამოქმედო გეგმაზე, ხელახალი არჩევნების დანიშვნის გზებზე. ასევე განხილვის თემა იყო 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა, ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ისინი მზად არიან 29 დეკემბრის შემდეგ დარჩნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სალომე ზურაბიშვილს ფიზიკურად გვერდით დაუდგნენ. გუშინ საღამოს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“. პარტიაში ამას ტექნიკური მიზეზებით ხსნიან და აცხადებენ, რომ მომავალ კონსულტაციებში მონაწილეობის გაგრძელებას ჩვეულებრივად აპირებენ.

პარტიაში კომენტარი გაკეთდა პარლამენტის დათხოვნის იდეაზეც – სადაც განმარტეს, რომ არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს არ მიესალმებიან. რაც შეეხება დაანონსებული საბჭოს შექმნას – პარტიაში განმარტავენ, რომ თუ ზურაბიშვილს კონკრეტული ხედვა და მკაფიო მიზნები ექნება აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით – ისინი მხარს დაუჭერენ საბჭოს შექმნას.