კონსულტაციები ოპოზიციაში

მომდევნო კვირას საპარლამენტო ოპოზიცია სრული მობილიზაციისთვის ემზადება.

„ქართული ოცნების“ მიერ უკვე სამჯერ ჩაგდებული კენჭისყრის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგიდან მოსამართლეთა სანქციების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი არ იხსნება. თუმცა, მობილიზაციის მიზნით დაწყებული კონსულტაციები მაინც გახდა შიდა უთანხმოების მიზეზი. იმ ფონზე, რომ მმართველი პარტია სასამართლო სფეროში პოლიტიკოსების ჩარევის არგუმენტით კომისიის შექმნის მხარდაჭერას გამორიცხავს, დიდი ალბათობით, კვორუმი მომავალ კვირასაც ვერ შედგება, რაც ავტომატურად კენჭისყრაზე სხვა საკითხების გატანასაც დაბლოკავს. შესაძლო კორუფციული ფაქტები და მოსამართლეებზე ზეწოლა ის ორი მთავარი მიმართულებაა, რომლებიც ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, კომისიის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. უცვლელია ხელისუფლების პოზიცია – ვაშინგტონისგან, რომელმაც სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს კორუფციული ბრალდებების გამო სავიზო სანქციები დაუწესა, „ქართული ოცნება“ მტკიცებულებებს ელის.