კონსულტაციები მართლმსაჯულების რეფორმაზე

სასამართლო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მართლმსაჯულების რეფორმასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გათვალისწინებულია. ოპოზიციის ნაწილი და სამოქალქო საზოგადოება იზიარებს პროგრესს, ხოლო მეორე ნაწილს არც სურვილი და არც კომპეტენცია გააჩნია, შევიდეს პოლემიკაში. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ კონსენსუსისთვის კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიწრო პოლიტიკური ინტერესი გვერდზე უნდა გადადონ. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების წარსადგენად ოპოზიციას ვადა დღის ბოლომდე მისცა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია და მართლმსაჯულების რეფორმის გატარების გარეშე საქართველო 12 რეკომენდაციას ვერ შეასრულებს. ხელისუფლების ოპონენტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას ითხოვენ და „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ფასადურს უწოდებენ.