კონსტიტუციური პროექტი ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ

ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, განხილვის თემაა ქვეყნის გარეთაც. დოკუმენტს ევროპის საბჭოდან აკრიტიკებენ. ადამიანის უფლებათა კომისარი ინიციატივის მიღმა ლგბტ პირების დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე როგორც ქვეყნის შიგნით ოპონენტებს, ასევე მის ფარგლებს გარეთ პარტნიორებს მოუწოდებს, ამ საკითხზე ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავონ. ოპოზიციის ნაწილი დისკუსიაში ჩართვას აანონსებს, ნაწილი კი, მმართველ გუნდს არასრულწლოვნებით მანიპულაციაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, შესაბამისად, უზენაეს კანონში სიახლის შესატანად მათ ოპოზიციის ხმებიც სჭირდებათ.