კონსტიტუციის დღე
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 წუთზე, პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი კანონი მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ, ახალი დოკუმენტის მიღება გადაწყდა. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.
კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა. „ვულოცავ ყველას კონსტიტუციის მიღების ღირსშესანიშნავ თარიღს! ამ დღემ შეცვალა ქართული სახელმწიფო, მისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობა, რითაც კონსტიტუციურ რანგში აიყვანა ჩვენი სახელმწიფოს მარადიული ფასეულობები. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მტკიცე დემოკრატიული არჩევანი კონსტიტუციის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ. ცოცხალია ის კონსტიტუცია, რომლის პრინციპებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქმედებს. სწორედ ამ პროცესში ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა – ვიყოთ კონსტიტუციის – ძირითადი კანონის ერთგულნი, რომელიც სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველია. კონსტიტუციის დაცვა მუდმივი პროცესია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მისი სიმტკიცის ერთ-ერთი მთავარი გარანტია“- წერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.