კონსტანტინე გამსახურდია ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

კონსტანტინე გამსახურდია მთავარი პროკურატურის ტერიტორიიდან, სადაც ის ცოტნე გამსახურდიასთან ერთად შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებისთვის პროკურატურას ვადა, შესაძლოა, კიდევ ხუთი წლით გაუხანგრძლივდეს. ამის შესახებ ინიციატივა პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.

გამსახურდიას საქმის გამოძიების ვადა 31 დეკემბერს იწურება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილების მოთხოვნაა, გამსახურდიას მკვლელობა იყოს გამონაკლისი და გამოძიებას სიმართლის დადგენის ვადა გაუხანგრძლივდეს.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში ერთ-ერთ ოჯახში სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჰქონდა მიყენებული.