კონკლავი - დღე მეორე

ვატიკანში კონკლავის მეორე დღეა. სიქსტეს კაპელის საკვამურიდან კვლავ შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შედეგად კარდინალებმა რომის პაპის არჩევა კვლავ ვერ შეძლეს. პონტიფიკოსის ასარჩევად საჭიროა კარდინალების ხმების ორი მესამედი. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად პაპმა ფრანცსიკემ აკურთხა. დღის პირველ ნახევარში, ხმის მიცემის ორი რაუნდის შემდეგ, კარდინალები სანტა მარტას რეზიდენციაში გადაინაცვლებენ. შესვენების შემდეგ კი კვლავ სიქსტეს კაპელაში დაბრუნდებიან, სადაც დღეს კიდევ ორი კენჭისყრა გაიმართება. კონკლავის პირველ დღეს, 7 მაისს კენჭისყრა ერთხელ ჩატარდა და საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვამლმა მსოფლიოს ამცნო, რომ კარდინალებმა რომის პაპი ვერ აირჩიეს. კონკლავის ყოველ მომდევნო დღეს შესაძლებელია ხმის მიცემის ოთხი რაუნდის გამართვა. რომის პაპის არჩევის პროცედურა მკაცრად გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე. შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.