აშშ-ის კონგრესი ემზადება ორპარტიული აქტის მისაღებად, რომლითაც რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდის ავლით მოხდება – ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტის ინიციატორი წარმომადგენელთა პალატის წევრები არიან. ამჟამად აშშ-ის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში ჩრდილოეთ კორეა, სირია, კუბა და ირანია. ამ სიაში რუსეთის დამატების შემთხვევაში, აშშ-ს აეკრძალება რუსეთისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, ასევე სამხედრო-თავდაცვითი დანიშნულებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი. კრემლში აცხადებენ, რომ თუ კონგრესი რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებს, შედეგები „ძალიან ნეგატიური“ იქნება.