კომპანია „მეტა“ საკუთარ სოციალურ პლატფორმებზე – „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ და „სრედზე“ ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაუქმებასა და სიტყვის თავისუფლად გამოხატვაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს და მის ნაცვლად, „საზოგადოებრივი შენიშვნების“ ისეთივე სისტემის დანერგვას აპირებს, როგორიც ილონ მასკის პლატფორმა “იქსისთვის” გამოიყენება. კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის თქმით, მოდერაციის ამჟამად მოქმედი პრაქტიკა დაფუძნებულია საგანგებოდ შერჩეული ორგანიზაციებისა და ჯგუფების მიერ კონტენტში მოყვანილი ფაქტების გადამოწმებაზე, თუმცა, ასეთი ორგანიზაციები, შესაძლოა, პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ და შედეგად, მათ უფრო მეტად გაანადგურეს ნდობა, ვიდრე სარგებელი მოიტანეს. ფაქტების გადამოწმების სისტემა 2016 წელს ამოქმედდა და სოციალურ ქსელებში განთავსებული კონტენტის სამართავად და პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.