კომპანია „ალმას“ განცხადება

სარეკლამო კომპანია „ალმა“ ოპოზიციის საწინააღმდეგო სიძულვილის ენის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიას არ აქვს შეხება სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, თუ სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან. კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ სარეკლამო ბილბორდებზე, ანუ ყიდის/აქირავებს კონსტრუქციებზე არსებულ ფართს.

კომპანიის განმარტებით, მათი როლი შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ დამკვეთისგან მიიღეს სარეკლამო ბანერი და განათავსეს იგი „ალმას“ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე. გარდა ამისა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სრულიად ემიჯნებიან ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.

სიძულვილის ენის შემცველი ბანერების საკითხის შესწავლა მიმართვის საფუძველზე უკვე დაიწყო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკო-ს პასუხი, – შეიცავს თუ არა ბანერების განთავსება დარღვევას, – 10 დღეში გახდება ცნობილი. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატების განთავსებაზე შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკოსები.

დატოვე კომენტარი