კომედიის თეატრალური ფესტივალი
რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში კომედიის თეატრალური ფესტივალი დაიწყო, რომელიც ქალაქ რუსთავში წელს უკვე მეხუთედ ტარდება, ფესტივალის ისტორიაში კი, რიგით მე-13 იქნება. ფესტივალის კონცეფცია დაარსების დღიდან უცვლელია – პროგრამაში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება. ცხრა დღის განმავლობაში რუსთავის თეატრი ათ თეატრალურ დასს უმასპინძლებს, მაყურებელი კი ათ სპექტაკლს იხილავს. ფესტივალის ფარგლებში გაიცემა რამდენიმე ჯილდო. ორი წლის წინ ფესტივალზე ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის პრემია დაწესდა, რომელიც საუკეთესო მსახიობ მამაკაცს გადაეცემა. გამოვლინდება საუკეთესო ქალი მსახიობიც. წელს კი პირველად დაწესდა დრამატურგისა და მთარგმნელის, თამაზ გოდერძიშვილის სახელობის ჯილდო – საუკეთესო დრამატურგისთვის. გამარჯვებულებს სამკაციანი ჟიური: მსახიობი თათული ედიშერაშვილი, რეჟისორი გია კიტია და დრამატურგი თამარ ბართაია გამოავლენს.