უცნაური ამბავი ხდება დღევანდელ ამერიკაში.
ამერიკა და კოლუმბი თაობებისათვის განუყოფელი ცნებები იყო. არ იქნებოდა კოლუმბი, არ იქნებოდა ამერიკა – ეს იყო ჩაქვითკირებული ასოციაცია. კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, მერე რა, რომ ნელნელა ირკვეოდა, რომ მანამდეც იყვნენ ვიკინგები, შესაძლოა, სხვებიც…
მაგრამ ისტორიაში ხდება ხოლმე, როდესაც რეალური პიროვნება პრაქტიკულად იკარგება, ჩრდილში გადადის და ლეგენდა კი ცოცხლდება, ძლიერდება, ათას თვისებას და ელფერს იძენს და არსებობს დამოუკიდებლად.
ასეც კი უთქვამთ: „ამერიკა არის უსამართლობის მაგალითი, იგი კოლუმბმა აღმოაჩინა, სახელი კი ამერიგო ვესპუჩის უწოდეს!“
იტალიაში, გენუაში დაბადებული. თუმცა აქაც აზრთა სხვადასხვაობაა – ზოგიერთი წყაროების თანახმად, მისი დაბადების ადგილი ესპანეთშია, ზოგი პოლონეთსაც კი ახსენებს. სახელიც არ არის ზუსტიო, სინამდვილეში, ქრისტოფორო კოლომბო იყოო, კრისტობალი, ქრისლუალი, ქრისტოფორუს დე კოლომბო, ჰპოუალ დე კოლონ, კიდევ სხვა ვარიაციებსაც ახსენებენ. იმასაც, იტყვიან მეკობრის, კოლომბოს სახელი დაიქრვაო.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ დაინახოთ, როგორ იკარგება რეალობა და ამბავი ათასგვარ ელფერს იძენს.
ვისაც ისტორია აინტერესებდა, მას ახსოვს სამი ცნობილი ხომალდი – „ნინა“, „პინტა“ და „სანტა მარია“. „ნინა“ მოფერებით სახელია, სინამდვილეში ხომალდს „სანტა კლარა“ ერქვა, „სანტა მარიას“ კი მეორენაირად „ლა გალერასაც“ უწოდებდნენ.
ოთხჯერ გაცურა კოლუმბმა 1492, 1493, 1498 და 1502 წლებში. კონტინენტის სიღრმეში არც შესულა, კარიბებში, ბაჰამაზე, კუბაზე, იამაიკაზე და ცენტრალური ამერიკის კონტინენტზე დადგა ფეხი.
სიკვდილის მერეც ვერ მოისვენა, 1506 წელს დაასაფლავეს ვალიადოლიდში, ესპანეთში. სამი წლის მერე გადაასვენეს საოჯახო მავზოლეუმში, სევილიაში. 1542 წელს სანტა დომინგოში, ჰისპანიოლზე, ახლანდელ დომინიკის რესპუბლიკაში გადაასვენეს. მერე ეს მიწა ესპანეთმა საფრანგეთს მიჰყიდა და კოლუმბის ნეშტიც 1795 წელს ჰავანაში, კუბაზე გადაასვენეს. ასი წლის მერე კი, 1898 წელს ისევ სევილიაში დააბრუნეს.
მოგზაურიო ამას ჰქვია, სიკვდილის მერეც!
როგორც გითხარით, შეიქმნა ლეგენდა. ამერიკის აღმომჩენი, რომანტიულობის და იდუმალების შარავანდედით მოსილი მოგზაური, გმირი, ადმირალი ქრისტეფორე კოლუმბი! ამ რიგისა: ვასკო და გამა, ამერიგო ვესპუჩი, ფერნანდო მაგელანი, კაპიტანი კუკი.
აბა, მითხარით, რომელი უფრო რეალურია, ლეგენდა თუ რეალური პიროვნება?
ახლაც არ დამთავრებულა კოლუმბის ავანტიურები, ამერიკას ტალღამ გადაუარა, კოლუმბის ძეგლებს ამტვრევენ, აქაოდა კოლონიზატორი და სისხლიანი მტარვალი იყოო.
ვის ან რას ებრძვიან სინამდვილეში? რეალურ პიროვნებას, რეალურ ბიოგრაფიას თუ იდეას? კოლუმბი ხომ შეეზარდა ამერიკულ ლეგენდას, თავად ქვეყნის სინონიმად იქცა, თავგადასავლის ძიების, ახლის აღმოჩენის, ახალი პერსპექტივების და ჰორიზონტების გახსნის სიმბოლოდ. ჰოდა, მგონი, სწორედ ამას ებრძვიან სინამდვილეში, თავად ქვეყნის საფუძვლებს.
კონტექსტიდან ამოგლეჯა და ისტორიული რეალობის არგათვალისწინება შესაძლოა, უდიდესი შეცდომის საფუძველი გახდეს. ვინ იყო კოლუმბი მის ისტორიულ რეალობაში? თავგადასვლების მაძიებელი, ახლის მძებნელი, უშიშარი მოგზაური, გმირი და სამაგალითო კაცი, რომელმაც ადმირალობას მიაღწია და ნებსით თუ უნებლიეთ შეცვალა წარმოდგენები გეორაფიაზე, დედამიწაზე, თავად ჩვენს ყოფაზე.
ვინ იყო პიროვნულად და მორალურად? რა ნორმებში ჯდებოდა მისი ხასიათი? თავის დროის და მორალის შვილს, გაბედულსა და გადაწყვეტილების სწრაფად მიმღებს, ზუსტად ის წარმოდგენები ჰქონდა მორალზე, სიცოცხლეზე, თანასწორობაზე, ქალებზე, სხვა რასის წარმომადგენლებზე, რაც იმ დროს შეესაბამებოდა.
დღევანდელი გადასახედიდან, მკვლელი, მჩაგვრელი, მტარვალი და ა.შ.
მაგრამ განა ასე შეიძლება შეფასება? ცხადია არა. თუ ვინმეს ადარებ დღევანდელ კონტექსტში, ალბათ მხოლოდ პროგრესულ მეცნიერს, ან ასტრონავტს ან გამომგონებელს. ერთი სიტყვით, კაციობრიობის ახალი ჰორიზონტების გამხსნელს…
ასეა, და ვის და რას ებრძვიან კოლუმბის ძეგლების დამტვრევით, თქვენ თავად განსაჯეთ…