კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, პედაგოგი როლანდ შავაძე „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას სამუშაო ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, მაშინ, როდესაც ამავე პრინციპით დასაქმებულ 50-ივე თანამშრომელთან განახლდა კონტრაქტი. როლანდ შავაძე გათავისუფლებას მის სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს, რადგან, მისი თქმით, აპროტესტებდა „უცხოური გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს და მონაწილეობდა აქციებში. შავაძე სამართლებრივ დავას აპირებს. ბათუმის უნივერსიტეტში კი განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.