კლასიკოსების კაპიტანმა ნაკრების შეკრება დატოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული (კლასიკური) სტილის მოჭიდავეთა ნაკრები ოქტომბერს ბუდაპეშტში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. მოულოდნელად, გუნდის შეკრება ზურაბ დათუნაშვილმა დატოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეს გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა და მწვრთნელთა არაობიექტური დამოკიდებულებით ახსნა.

„ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიმძიმდა და იოლი არ იყო. მიზეზი მწვრთნელთა სუბიექტური დამოკიდებულება იყო. დანარჩენის დაკონკრეტება აღარ მსურს. ველაპარაკე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც საკითხის განხილვას დამპირდა და ველოდები” – ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.

დათუნაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონი და ლონდონისა და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშების მონაწილეა. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციისა და კლასიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელობას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

 

მოამბე