კინოაკადემიის განცხადება

საქართველოს კინოაკადემია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებაზე განცხადებას ავრცელებს. ამ განცხადების მიხედვით, გუშინ გამგეობის შეხვედრაზე გადაწყდა განცხადების გაკეთება და არა ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება. გაგაცნობთ კინოაკადემიის განცხადებას. სხვადასხვა ტელევიზიის და ფეისბუკგვერდების საშუალებებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია საქართველოს კინოაკადემიის გამგეობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 2024 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს კინოაკადემიაში შეიკრიბნენ კინემატოგრაფისტები (სულ 92 ადამიანი, აქედან 30 – საქართველოს კინოაკადემიის წევრი, 62 – არაწევრი) და მოითხოვეს კინოაკადემიის ვებგვერდზე განთავსებულიყო მათი წერილი. 2024 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს კინოაკადემიის გამგეობამ, რომელიც პატივს სცემს კინოაკადემიის თითოეული წევრის აზრს, იმსჯელა და გამომდინარე აქედან, გადაწყვიტა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა, რომ მათი წერილი გამოქვეყნდეს საქართველოს კინოაკადემიის ვებგვერდზე. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული წერილი, რომელიც განთავსდა საქართველოს კინოაკადემიის ვებ-გვერდზე, გახლავთ საქართველოს კინოაკადემიის 30 წევრის და 62 არაწევრი კინემატოგრაფისტის პოზიცია და იგი არ წარმოადგენს მთლიანად საქართველოს კინოაკადემიის და მისი გამგეობის პოზიციას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კინოაკადემია შედგება 291 წევრისაგან.