კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების ცერემონია 

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ამერიკისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა ერთობლივი, ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრისა და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ერთობლივ ქართულ-ამერიკულ აკადემიურ ხარისხს. პროგრამა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტისა და სანგუს თანამშრომლობით შედგა. 2022 წლიდან დღემდე პროგრამაზე ირიცხება 120-მდე სტუდენტი, რომელთა სწავლის საფასური სრულად ფინანსდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.