ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრაში პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა, „ნაპოლიმ“ კი იურგენ კლოპის „ლივერპულთან“ მატჩი დამაჯერებლად, ანგარიიშით 4:1 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის „A“ ჯგუფის მატჩში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა.
27-ე წუთზე კვარაცხელიას თავის გამოჩენა შეეძლო, მაგრამ ქართველის დარტყმული ბურთი ხაზიდან ვანდაიკმა გამოიტანა და „ლივერპული“ აშკარა გოლს გადაარჩინა. კვარაცხელიამ 44-ე წუთზე გაიბრწყინა და მესამე გოლი პირადად შექმნა – ხვიჩამ ინგლისის ნაკრების მცველი ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი ფლანგზე მოატყუა, შემდეგ გომესს ეფექტიანად გაასწრო და კარის წინ გახსნილ ჯოვანი სიმეონეს ბურთი ფეხზე დაასვა, რომელმაც „ნაპოლიში“ პირველი გოლი გაიტანა. ნაპოლი ჯგუფში ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად პირველ ადგილს იკავებს.