ხვალ, 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია

ერთი დღე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 – ია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 ათასამდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით, საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა. ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორის არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნება. ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.