ხუთი წელი კოვიდ-პანდემიის გამოცხადებიდან.
ხუთი წლის თავზე საქართველოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევები მინიმალურ ნიშნულზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები ზოგჯერ საერთოდ არ ფიქსირდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემია დასრულებულად ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა საგანგებო მდგომარეობა ყველა ქვეყანაში გაუქმებულია და 2022 წლიდან შემზღუდველი რეგულაციები ეტაპობრივად მოიხსნა. ვირუსს, რომელმაც მთელ მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი მოქალაქე, საქართველოში კი 17 000 ადამიანი იმსხვერპლა, ქართველი ეპიდემიოლოგები საფრთხედ აღარ მიიჩნევენ. ინფექციის არაერთი შტამის გავრცელების შემდეგ „კოვიდ-19“-ს ექიმები უკვე ჩვეულებრივ რესპირატორულ დაავადებად განიხილავენ. მედიკოსები კოვიდ-პანდემიასთან, როგორც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან ბრძოლის პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებს და გამოცდილებას აჯამებენ.