რომელი ოპოზიციური პარტიები არ ამბობენ უარს სახელმწიფო დაფინანსებაზე, მიუხედავად პროტესტისა. ცესკო-ში წლიურ დაფინანსებაზე უარის განაცხადი მხოლოდ „კოალიციამ ცვლილებისთვის“ წარადგინა. შესაბამისად, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ წლიურად მინიჭებულ მილიონ 645 ათას ლარზე მეტს ვერ მიიღებენ და თანხა ბიუჯეტში დარჩება.
კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ერთის უარის შემდეგ, ახლა უკვე დაფინანსებას მხოლოდ ექვსი მიიღებს. ესენია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. შეგახსენებთ, დაფინანსებისთვის მინიმალური ზღვარი არის 1 %-ზე მეტი.