ხუთი ევროპარლამენტარის განცხადება
საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ხუთი ევროპარლამენტარი, სადაც ვკითხულობთ: „2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შეზღუდულ გარემოში გაიმართა, თვეების განმავლობაში თვით დანიშნული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების კონტექსტში. ჩვენ გმობთ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, აღკვეთა სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება ეუთო/ოდირ-ისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას. ჩვენ შეშფოთებული ვართ არჩევნების შემდეგ ქუჩაში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებებით და ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ შეაჩეროს დემოკრატიის წინააღმდეგ თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს მომიტინგეების დაპატიმრება და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებულები“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: დევიდ მაკალისტერი, რასა იუკნევიჩიენე, მუნირ სატური, სერგეი ლაგოდინსკი და ნილს უშაკოვსი. ისინი გმობენ „ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდ აგრესიულ კამპანიას“ და „ქართული ოცნების“ განზრახვას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები. ისინი ევროკავშირს პირადი სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებენ. „ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი, მიიღონ დაუყოვნებელი ზომები და შემოიღონ პირადი სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერებისა და თანამდებობის პირების, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.