ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი შესაძლოა, ხვალ გაათავისუფლონ

სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი შესაძლოა, ხვალ გაათავისუფლონ. უკვე ცნობილია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ხვალ ე.წ. სასამართლო სხდომა გაიმართება და დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული ოთინაშვილის საქმე განიხილება.

37 წლის ქალი ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ოჯახს ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერჯერობით მხოლოდ ის შეატყობინეს, რომ ოთინაშვილი წინასწარი დაკავების დაწესებულებაშია, თუმცა, სხვა დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის არც ე.წ. ჯარიმის გადახდის შესახებ, გატაცებულის ახლობლებისთვის არ მიუწოდებიათ.

მაია ოთინაშვილი რუსმა სამხედროებმა გუშინ საკუთარი ბაღიდან გაიტაცეს. მავთულხლართებს მიღმა ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

დეტალების გასარკვევად ევროკავშირის მონიტორები ოთინაშვილების ოჯახში იმყოფებოდნენ.