ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა
ელენე ხოშტარიას ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. შესაბამის ინფორმაციას პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ექიმებს შეხვდა. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ხოშტარიას კლინიკა „ვივამედში“ უმკურნალებენ და ყველა საჭირო სერვისით უზრუნველყოფენ. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს, არ არის გამორიცხული უცხოელი ექიმების ჩართვაც. შეხვედრის პარალელურად პენიტენციურ სამსახურთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები. პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლება ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა. პენიტენციური სამსახურის უფროსთან შეხვედრამდე ელენე ხოშტარიას ექიმები რუსთავის ციხეში მივიდნენ და პატიმარი მოინახულეს. შეხვედრას დაკავებულის ადვოკატებიც ესწრებოდნენ. „დროას“ ლიდერი სექტემბერში კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საპროტესტო წარწერის გაკეთების გამო დააკავეს – მას გირაოს გადახდაც შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა. სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით პოლიტიკოსს წელიწადნახევრიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.